მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„დიჯი სოლთი (DG SALT)“ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საზოგადოების სახელწოდება: „დიჯი სოლთი (DG SALT)“
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
იურიდიული მისამართი: თბილისი ვარკეთილი 3, I მრ,
საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი: dgsaltinfo@gmail.com
ორგანიზაციას აქვს ბეჭედი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.
მუხლი 2. ორგანიზაცის საქმიანობის მიზანი და ამოცანები
ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია:
საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და განვითარება.
განათლების სფეროში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
თავისი მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:
ამყარებს კავშირს ანალოგიური მიზნების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
მოიძიებს გრანტებს.
შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს.
ატარებს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, მასტერ კლასებს, აწყობს კონფერენციებს და სემინარებს.
ქმნის და ავითარებს საგანმანათლებლო რესურსებსა და ინსტრუმენტებს.
ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას.
ციფრული წიგნიერების პოპულარიზაციისთვის საზოგადოებაში ეწევა საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას.
ქმნის ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
ორგანიზაცია შეიძლება ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ორგანიზაციის მიზნის განხორციელებას.
მუხლი 3. ორგანიზაციის დამფუძნებლები
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
გიორგი არავიაშვილი
ეკა ჯელაძე
რუსუდან მარკოზაშვილი
დიმიტრი პოპოვი
მარეხი ჯელაძე
ელენე ბეთლემიშვილი
დამფუძნებელთა უფლებამოსილებანი:
3.2.1. დამფუძნებლები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ის მოქმედებები რაც
განსაზღვრულია ამ წესდებით.
3.2.2. წესდებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დამფუძნებელთა ხმათა
უმრავლესობით.
მუხლი 4. ორგანიზაციის მართვა
ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა დამფუძნებელთა კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
დამფუძნებელთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.
დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კრებას ესწრება დამფუძნებელთა უმრავლესობა.
დამფუძნებელთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
იმ დამფუძნებლებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე დამფუძნებლებს.
დამფუძნებელთა კრება:
იღებს ორგანიზაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში.
ირჩევს და ათავისუფლებს ორგანიზაციის გამგეობას და დირექტორს.
ისმენს გამგეობის ანგარიშს შესრულებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
განსაზღვრავს ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურებს.
განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებს.
ადგენს ორგანიზაციულ სტრუქტურას.
ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ პროგრამებს და წლიურ სამოქმედო გეგმას.
იღებს ახალი წევრის მიღების წესს ორგანიზაციაში.
იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.
ამტკიცებს გამგეობის მიერ წარდგენილ წლიურ ბიუჯეტს.
წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება.
მუხლი 5. ორგანიზაციის გამგეობა
ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში შედიან დამფუძნებლები და დამფუძნებელთა კრების მიერ არჩეული წევრები.
გამგეობის წევრებს ირჩევს დამფუძნებელთა კრება ორი წლის ვადით. დამფუძნებლები გამგეობის მუდმივი წევრები არიან.
გამგეობის სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა უმცირეს ორისა წელიწადში.
გამგეობის რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით.
გამგეობის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ნახევარზე მეტი.
გამგეობის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
დამფუძნებელთა კრების მიერ დამტკიცებული სამუშაო პროგრამისა და გეგმების განხორციელება.
იმ პროგრამების განხორციელება, რაც გამომდინარეობს ორგანიზაციის მიზნებიდან.
ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების დაფუძნება ან სხვა სტრუქტურული ერთეულების წილობრივი მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტა.
საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის, ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშის მომზადება და ბიუჯეტის პროექტის შედგენა.
ორგანიზაციის წევრად მიღების ან წევრობის უფლების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
რეკომენდაციების მიღება.
სპეციალური თემატური შეხვედრების მოწვევა და ჩატარება, მომხსენებლებისა და სამუშაო ჯგუფების განსაზღვრა.
ორგანიზაციის სხვა საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან:
გიორგი არავიაშვილი
ეკა ჯელაძე
რუსუდან მარკოზაშვილი
დიმიტრი პოპოვი
მარეხი ჯელაძე
ელენე ბეთლემიშვილი
მეგი კაპანაძე
შორენა მიქაბერიძე-ლარცულიანი
ნანა ედიშერაშვილი
ნინო ბიწკინაშვილი
გერმანე მალანია
ზურაბი ძულიაშვილი
გამგეობის ვადაზე ადრე გათავისუფლება და შემადგენლობის კომპეტენციების ჩამორთმევა შესაძლებელია მოხდეს დამფუძნებლების ხმათა უმრავლესობით, ორგანიზაციის ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად.
მუხლი 6. ორგანიზაციის დირექტორი
ორგანიზაციის დირექტორი უძღვება დამფუძნებელთა კრებას და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს. იგი არის ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
ორგანიზაციის დირექტორი აირჩევა დამფუძნებელთა კრების მიერ ოთხი წლის ვადით.
ორგანიზაციის დირექტორი:
ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობას, ამზადებს გამგეობის სხდომებს, ახდენს მიღებულ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა რეალიზაციას.
იწვევს სამუშაოზე შრომით ხელშეკრულების საფუძველზე მუშაკებს.
ხელს აწერს ორგანიზაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს, კონტრაქტებს, მემორანდუმებს. აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში.
ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ და ფინანსურ დოკუმენტებს.
ახორციელებს ორგანიზაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე.
ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და განსახორციელებელ პროგრამებს.
გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორთა კანდიდატურებს.
ორგანიზაციის დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
ორგანიზაციის დირექტორის მოადგილეს წარადგენს ორგანიზაციის დირექტორი და ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს დამფუძნებელთა კრება.
ორგანიზაციის დირექტორია:
გიორგი არავიაშვილი
ორგანიზაციის დირექტორის მოადგილეა:
მარეხი ჯელაძე
მუხლი 7. ორგანიზაციის წევრობა
ორგანიზაციის წევრად მიღება
ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს: საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს.
ორგანიზაციის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი
განცხადების საფუძველზე. წევრად მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციის არანაკლებ ორი წევრის დადგენილი ფორმის წერილობითი რეკომენდაცია. გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, ორგანიზაციის
გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ორგანიზაციის საპატიო წევრად.
საპატიო წევრზე არ ვრცელდება ორგანიზაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი
უფლება-მოვალეობანი.
წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა
ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
საკუთარი განცხადების საფუძველზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას.
გარდაცვალებისას.
დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, ორგანიზაციის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, ორგანიზაციის წესდების მიზნების საწინააღმდეგო ქმედებას, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან.
წევრის უფლება-მოვალეობები
ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:
არჩეულ იქნეს ორგანიზაციის მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში.
მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის მმართველი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას.
გადაიხადოს საწევრო შენატანი დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ საწევროს დაადგენს დამფუძნებელთა საერთო კრება.
შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში.
პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ორგანიზაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.
არ გაახმაუროს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
მუხლი 8. ორგანიზაციის საქმიანობის ვადა
ორგანიზაცია იქმნება და არსებობს განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 9. ორგანიზაციის საკუთრება, შემოსავლის წყარო
ორგანიზაციას კანონით დადგენილი წესით შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებანი, ფულადი სახსრები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
ორგანიზაციის ფულადი სახსრები იქმნება საწევრო გადასახადებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწირულობებით, ორგანიზაციის ძირითადი და მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის მიღებული გრანტებით, ასევე სხვა წყაროებით რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.
მიზნების შესრულებისათვის ორგანიზაციას უფლება აქვს დადოს გარიგებანი, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები.
მუხლი 10. საერთაშორისო კავშირები
ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე, იქონიოს საერთაშორისო კონტაქტები და კავშირ-ურთიერთობები, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები.
ორგანიზაცია, ურთიერთსასარგებლო საწყისებზე, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის სხვადასხვა კომპანიებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან და ფიზიკურ პირებთან.
მუხლი 11. საზოგადოების რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
ორგანიზაციის რეორგანიზაცია ხდება დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება:
ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ორგანიზაციის ქონება განაწილდება ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ორგანიზაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის ხელმოწერის მომენტიდან.
თუ ამ წესდების დამფუძნებელთა შეთანხმების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.