Tuesday, June 6, 2017

    DG SALT

    ბლუმი და ტექნოლოგიები - გაგება






    გაგება-ტაქსონომიის ეს ნაწილი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას. შესაბამისი ციფრული დამატებები და მათი განმარტებები ასეთია: ძებნის ვარიანტების დახვეწა, მარტივი დღიურის/ჩანაწერების წარმოება, ციფრული ფაილების და ვებ-გვერდების კლასიფიკაცია/ორგანიზება,  კომენტირება და ანოტაციების შექმნა. ქვემოთ მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება ეფექტური იქნება სწავლების ამ დონისთვის.

    Tiki-Toki არის ვებ-ზე დაფუძვნებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლამაზი, ინტერაქტიული დროითი ხაზის შექმნა და ინტერნეტში გაზიარება.

    Edublogs არის სტაბილური, უსაფრთხო პლატფორმა განათლებისთვის, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესში ონლაინ დისკუსიებს და თანამშრომლობას. მარტივად შესაძლებელია გააზიაროთ სასწავლო მასალები, სიახლეები, ბმულები, შექმნათ პუბლიკაციები კლასისათვის,  მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ ნამუშევრები და აზრები. ასევე შესაძლებელია მშობლებთან ურთიერთობა და კლასში მიმდინარე პროცესების შესახებ  ინფორმირება.

    Thinglink-ის საშუალებით მილიონობით მასწავლებელი და მოსწავლე ქმნის დინამიურ მულტიმედიური სურათებს, ვიდეო რგოლებს და 360-იან ვირტუალურ გაკვეთილებს, ასევე ვირტუალურ ტურებსა და რუკებს. 
    Pixton  არის ანიმაციების შესაქმნელი ინსტრუმენტი, რომელის საშუალებას გაძლევთ შექმნათ გასაოცარი კომიქსები. ამ ინსტრუმენტის მოხმარება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს რაიმე მხატვრული უნარების ფლობას. იმისათვის, რომ წერა არ იყოს რუტინული სამუშო მოსწავლეებმა ნასწავლის გაგების წარმოსაჩენად შესაძლებელია შექმნან კომიქსები და გაუზიარონ ერთმანეთს.


    ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი მკითხველების მომარაგებას ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით. თქვენ კი გამოსცადეთ ისინი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი :) 

    სტატიის ავტორი: ნინო კაჟაშვილი

    Monday, May 29, 2017

    DG SALT

    ბლუმი და ტექნოლოგიები

    პედაგოგების უმრავლესობა იცნობს ბლუმის ტაქსონომიას, მოდელს რომელიც განასხვავებს ადამიანის შემეცნების დონეებს აზროვნებაში, სწავლასა და გაგებაში. იგი პირველად 1950-იან წლებში გამოქვეყნდა და მალევე გახდა თანამედროვე განათლების სისტემის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიცვალა მისი გაგება და ტაქსონომიამ მიიღო სხვადასხვა ფორმა განსხვავებული მიზნებისა და პროგრამებისთვის.
    ბოლო პერიოდის განმავლობაში ICT-ის განვითარებამ განაპირობა ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად ხშირად ტექნოლოგიებს მიმართავენ. 2007 წელს ამ ცვლილებების ასახვის მიზნით ენდრიუ ჩარჩესმა განავითარა და დახვეწა ბლუმის ტაქსონომია და მეტად შეუსაბამა სწავლებას 21-ე საუკუნეში. მან შეიმუშავა ბლუმის ციფრული ტაქსონომიის მოდელი. სწავლების ხელშესაწყობად იგი ხაზს უსვამს ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას ყველა დონეზე. ეს მოდელი წარმოადგენს ექვსი კოგნიტური დონის კლასიფიკაციას მოსწავლისა და მასწავლებლისათვის და ასახავს მათ ქმედებებს 21-ე საუკუნეში.
     როგორც იგი აღნიშნავს, ბლუმის ციფრული ტაქსონომია არ არის ვებ ინსტრუმენტების ან ტექნოლოგიების ნუსხა, ეს არის ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლების ხელშესაწყობად.

    ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენებით, (რომელიც სწავლის აუცილებელი ნაწილი ხდება), გააუმჯობესოს სწავლების თითოეულ დონესთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები.
    ქვემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილია ბლუმის ციფრული ტაქსონომიის შესაბამისად რამდენიმე ტექნოლოგიური ინსტრუმენტი აზროვნების თითოეულ დონეზე.

    ცოდნა (ხსომება)
    ტაქსონომიის ეს ნაწილი არეგულირებს ძირითადად რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ციფრული დანამატები და მათი განმარტებები ძირითადად ასეთია: ჩამონათვალის შექმნა ციფრულ ფორმატში, მნიშვნელოვანი ფრაზების ხაზგასმა, გამოყენებული გვერდებისა და რესურსების სარჩევის ან სანიშნის შექმნა, სოციალური ქსელის საშუალებით კავშირის დამყარება სხვა ადმიანებთან, მარტივი სიტყვების ან ფრაზების გამოყენებით ძებნა. სწავლების ამ დონისთვის ეფექტური იქნება ქვემოთ მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება:
    Google keep არის google-ს პროდუქტი რომელშიც შესაძლებელია ჩანაწერების/ჩანიშვნების გაკეთება. იგი  გვთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს ტექსტის, სიების, სურათების და აუდიო ჩანაწერებისთვის.
    Padlet არის ონლაინ ვირტუალური დაფა, სადაც მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ ბმულების და სურათების გაზიარება და თანამშრომლობა. იგი არის სივრცე იდეების შეგროვების, მათი გაზიარებისა და შემდგომი ცვლილებებისათვის.

    Diigo არის სოციალური, სანიშნე, კვლევის და ცოდნის გაზიარების ინსტრუმენტი. მისი საშუალებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების შენახვა, კატეგორიზაცია, ანოტაციების გაკეთება ხაზგასმით და ვირტუალური ,,წებოვანი სტიკერებით“.

    Wunderlist ეხმარება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მათი იდეებისა და ქმედებების ციფრირება მოახდინონ და მარტივად გაუზიარონ სიები ერთმანეთს.

    Seesaw არის მოსწავლეზე ორიენტირებული ციფრული პორტფოლიო, სადაც ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს ნასწავლის დოკუმენტირება და გაუზიაროს მასწავლებელს, მშობლებს, თანაკლასელებს.
    მომდევნო  სტატიებში საფეხურეობრივად შემოგთავაზებთ ბლუმის ტაქსონომიის დანარჩენი ხუთი დონის შესაბამის ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს. მანამდე კი იმედია პრაქტიკაში გამოიყენებთ ზემოთ აღწერილ საშუალებებს და თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ.

    http://www.techlearning.com/news/0002/bloom39s-taxonomy-blooms-digitally/65603


    სტატიის ავტორი: ნინო კაჟაშვილი

    Tuesday, May 16, 2017

    შორენა მიქაბერიძე

    წყვილებში მუშობა - სოციალური უნარების განვითარების კარგი საშუალება






    წყვილებში მუშაობა არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ფორმა, როცა ორი მოსწავლე ერთად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად. იგი შეიძლება ყველა საგანში გამოვიყენოთ. წყვილებში მუშობა ჯგუფურ მუშობას ბევრი რამით ჰგავს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ შედარებით ადვილი დასაგეგმი და განსახორციელებელია.

    წყვილებში მუშაობა შეიძლება ჯგუფური მუშაობის სწავლების გზაზე პირველ საფეხურად გამოვიყენოთ-იგი წარმატებულად და ნაკლები დაბრკოლებებით ავითარებს თანამშრომლობის უნარს მოსწავლეებში.

    წყვილებში მუშაობა ახალგაზრდებს აყალიბებს კარგ პარტნიორებად, პასუხისმგებლიან ადამიანებად, რომლებსაც სხვების დახმარება, თანაგრძნობა და სიყვარული შეუძლიათ. აღნიშვნის ღირსია სოციალურ კონტროლი- თითოეული პარტნიორი შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად აკონტროლებს ერთმანეთს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას.

    წყვილებში მუშაობას დადებითი მხარე აქვს მაშინ, როცა ზოგიერთისათვის დავალება შედარებით რთულია და პარტნიორი ეხმარება.



    როგორ დავაწყვილოთ მოსწავლეები?

    დაწყვილება შეიძლება მოხდეს ისეთი შეკითხვების მეშვეობით, როგორიცაა: ვის აქვს ამ შეკითხვაზე განსხვავებული აზრი? ვის არ უმუშავია არასოდეს ერთად?

    ნებისმიერობის პრინციპით შერჩეული პარტნიორები ზოგჯერ ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო მუშაობენ ვიდრე ერთად. იმისათვის რომ მასწავლებელმა მოსწავლეები რეალური ცხოვრებისათვის მოამზადოს, საჭიროა ამ სუსტი წერტილის გამოსასწორებლად იმუშაონ და მოახერხონ თანამშრომლობა.

    წყვილებში მუშაობისას პირველ რიგში სისწრაფე და სისწორე კი არ დგას, არამედ, გამოცდილება ერთად იპოვო პრობლემის გადაჭრის გზა, სხვებს დააცადო აზრის გამოთქმა, აღიქვა და გაიაზრო სხვების ნათქვამი და განსაზღვრო სამოქმედო გეგმა.

    წყვილებში მუშაობისას მორიდებულ მოსწავლეებს თვითგამოხატვის მეტი საშუალება აქვთ. თითოეული ირგებს მასწავლებლის როლს და მეორის მიმართ სოლიდარობის გრძნობით განეწყობა. ესაა წყვილებში მუშაობის აზრი. ეს დამოკიდებულება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზეც შეიძლება განვავრცოთ - ისინიც ხომ პარტნიორები არიან.

    იმისათვის რომ წყვილებში მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღოს მასწავლებლის მხრიდან მნიშვნელოვანი წინაპირობაა:

    • შესასწავლი თემით დააინტერესოს მოსწავლეები
    • უზრუნველყოს გარკვეული წინარეცოდნის არსებობა თემის ირგვლივ
    • საკუთარი მაგალითის მიცემით (სამოდელო ქცევით) შექმნას პარტნიორებს შორის დადებითი სოციალური კლიმატი
    • წაახალისოს, დააჯილდოოს, რესურსით მოამარაგოს წყვილები და დაეხმაროს მათ
    • ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და პარტნიორის აღიარება
    • წინასწარ დაგეგმოს და მოსწავლეებთან შეათანხმოს, რა კრიტერიუმებით შეფასდება როგორც მათი ნამუშევარი, ასევე მუშაობის პროცესი 
    • მასწავლებელს შეუძლია თემა ჩამოაყალიბოს მაპროვოცირებელი შეკითხვის სახით (დისკუსიისათვის გამოადგება)
    • მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყველასთვის ახსნას დავალება

    რა უნდა გაითვალისწინონ პარტნიორებმა?
    • ისინი კარგად უნდა იცნობდნენ თანამშრომლობის წესებს და იცავდნენ მათ
    • უნდა იმუშაონ ურთიერთშეთანხმებულად და მიზანზე ორიენტირებულად. უნდა ცდილობდნენ საუკეთესო შედეგის ერთობლივად მიღწევას
    • სამუშაოს შესრულებაში მაქსიმალურად შეიტანონ თავიანთი წვლილი და აღიარონ პარტნოირის მიღწევები
    წყვილებში მუშაობის ბოლოს არ დაგავიწყდეთ რეფლექსია - მოსწავლეებს დაეხმარეთ გააანალიზონ თანამშრომლობის პროცესი.

    უმჯობესია ჰეტეროგენული წყვილი, მაგრამ აკადემიური მოსწრებით ძალიან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ, რათა უფრო კომფორტულად მოახერხონ ურთიერთთანამშრომლობა.

    პარტნიორების მუშაობაში მასწავლებელი ერევა მაშინ, როცა აუცილებელია. მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მათ აკონტროლებენ. მასწავლებელი თანამშრომლობას მართავს იმპულსების დონეზე.

    რა ტიპის დავალებებზე ვამუშაოთ წყვილები?
    მაგალითად :
    დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე 

    დადებითი და უარყოფითი არგუმენტების მოყვანა ჰემინგუეის კატა წვიმაში- აქ შეიძლება ჩართოთ ტექნოლოგიების გამოყენება: პარტნიორები იმუშავებენ ერთ კომპიუტერთან და ტექსტში სხვადასხვა ფერით გამოყოფენ თავიანთი არგუმენტებისათვის საჭირო მონაკვეთებს.

    რა მასწავლა მეგობარმა: ინგლისურის/ქართულის გაკვეთილზე ერთმანეთს უსწორებენ ნამუშევარს. შემდეგ საუბრობენ იმაზე, თუ რა ისწავლეს ერთმანეთისგან. ამით ენობრივ უნარებთან ერთად თანამშრომლობას და კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემას სწავლობენ. ასეთი სავარჯიშოებისას უმჯობესია თუ მასწავლებელი წყვილებს იმ კრიტერიუმებით უზრუნველყოფს, რომლის მიხედვითაც პარტნიორებმა ერთმანეთის ნამუშევრები უნდა შეაფასონ. საბოლოო პროდუქტის შესაფასებლად სასურველია არ გამოვიყენოთ განმსაზღვრელი შეფასება, რათა ამით შემოქმედებითი პროცესი არ შევაფერხოთ.
    I ფაზა: ჯერ წყვილები კითხულობენ ერთმანეთის ნამუშევარს და პირველ რიგში გამოყოფენ იმ საკითხებს რაც მოეწონათ- შეაქებენ ერთმანეთს. შემდეგ შეაფასებენ კრიტერიუმებით:
    • შეეფერება თუ არა სათაური შინაარსს?
    • გასაგები არგუნემტები არის თუ არა მოყვანილი?
    • არის სურათები ან ილუსტრაციები?
    • არის თუ არა მაგალითები?
    • დაცულია თუ არა მართლწერის წესები?
    • დამაჯერებელია თუ არა დასასრული?
    II ფაზა: წყვილები გაცვლიან გასწორებულ ნამუშევრებს და მსჯელობენ. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს მათ წინადადებები- მაგალითად:

    ხომ არ ამიხსნიდი რას გულისხმობ...
    მე ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა თუ...

    III ფაზა: პარტნიორები თავიანთ ნამუშევრებს უკვე თვითონვე შეასწორებენ და გადაწყვეტენ, რა გაითვალისწინონ და რა არა. ეს ფაზა სახლშიც შეიძლება გაიარონ.

    როლაჟი

    ეს სიტყვა კოლაჟისაგან წარმოსდგება (ფრანგ. დაწებება) და მისი სახეობაა.

    წარმოვიდგინოთ მეექვსე კლასელი ბავშვები. კლასი შეგდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ათი მოსწავლისაგან. მასწავლებელი ხსნის წესებს. მოსწავლეები წყვილდებიან მათემატიკური უნარების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ურთიერთდახმარება. წყვილები იღებენ ა4 ფორმატზე დაბეჭდილ პარტნიორის სურათს. სურათის უკანა მხარეს უნდა დახაზონ ერთი სანტიმეტრის დაშორებით პარალელური ზოლები. ერთი ნომრავს ზოლებს ლურჯი კალმით, მეორე კი წითელი კალმით. შემდეგ იწყებენ პარტნიორის სურათის დაჭრას, რაც ხშირად ეუხერხულებათ ხოლმე. დაჭრილ ზოლებს აწებებენ სუფთა ფურცელზე შემდეგი თანმიმდევრობით: ზოლი ლურჯი 1 ნომრით, შემდეგ ზოლი წითელი 1 ნომრით, ზოლი ლურჯი 2 ნომრით და ა.შ. საბოლოოდ მიიღება პარტნიორების საერთო პორტრეტი, რაც მათ ერთიანობის შეგრძნებას მიანიჭებს. ისინი ერთად ქმნიან ნამუშევარს, გრძნობენ პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე პორტრეტების სიზუსტით დაჭრის დროს. გარდა ამისა, მათ სურთ კლასმა კარგ თანამშრომლებად აღიქვას მათი წყვილი. პრეზენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ყველას მიეცეს საკუთარ ნამუშევარზე და სიძნელეებზე საუბრის საშუალება.

    კიდევ ერთი მაგალითის სახით შემოგთავაზებთ 26 მოსწავლისაგან შემდგარ მეათე კლასში ჩატარებულ სამუშაოს:

    I ეტაპი: მუშაობა უცნობ ტექსტზე (მეორე ეტაპი იქნება დისკუსია)

    მასწავლებელი წინა ნიშნების მიხედვით აწყვილებს მოსწავლეებს კარგი და ნაკლებად კარგი შედეგების მოიხედვით, რათა პარტნიორებს კითხვის დასმისა და ახსნა-განმარტების მიღების საშუალება ჰქონდეთ. მასწავლებელი მაგიდაზე დებს რამოდენიმე დავალებას, რომელსაც წყვილები თვითონ ირჩევენ. მიუხედავად შეზღუდული რაოდენობისა,   დავალებების არჩევის შანსი მოტივაციას მატებს მათ.
    სავარაუდო დავალებები შეიძლება იყოს:
    • ამოიწერეთ უცნობი სიტყვები და მათი მნიშვნელობები უცხო სიტყვათა ლექსიკონისა და ფილოსოფიური ლექსიკონის მეშვეობთ
    • დაყავით ტექსტი აზრობრივ ნაწილებად, დაასათაურეთ და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი
    • ამოიწერეთ ტექსტიდან რამოდენიმე (3, 4) წინადადება და ამ წინადადებებიდან გამომდინარე თეზისები. ეს თეზისები დისკუსიისათვის გამოგადგებათ
    • გამოყავით ტექსტიდან ბიოგრაფიული და ისტორიული ნაწილი (შეგიძლიათ სხვადასხვა ფერით გააფერადებინოთ ტექსტის მონაკვეთები Word-ის დოკუმენტში)
    • შექმენით გრაფიკული ორგანიზატორი, სატაც ტექსტი წარმოდგენილი იქნება სქემის სახით (გრაფიკულ ორგანიზატორების შესაქმნელად მიჰყევით ბმულს).
    ეს სამუშაო 30 წუთი გრძელდება. შემდეგ ხდება პრეზენტაცია, სადაც ორივე პარტნიორი იღებს მონაწილეობას. თუ რა ფორმით მოხდება პრეზენტაცია, ამას წინასწარ შეათანხმებენ. პრეზენტაციისას მასწავლებელი აძლევს დადებით შეფასებასა და გაუმჯობესების კონკრეტულ რეკომენდაციას.

    ბოლო 5-10 წუთი ეთმობა შეჯამებას და იმაზე საუბარს, ვინ რა ისწავლა და რა შეკითხვა დარჩა. ეს შეკითხვები შემდეგ გაკვეთილზე გაანალიზდება.

    წყვილებში მუშაობისას მოსწავლეები არა მარტო საგნობრივ კომპეტენციებს, არამედ სოციალურ უნარებსაც იძენენ.

    წყვილებში მუშაობისათვის არსებობს მრავალი საბაბი: უცხო ენაში დიალოგების წარმართვა, მათემატრიკაში რთული დავალებების ამოხსნა, მშობლიურ ენაში პარტნიორები წერენ კარნახს, ხელოვნებაში ქმნიან ერთიან პროდუქტს.იგი ხელს უწყობს აღმოჩენით, კეთებითა და თანამშრომლობით სწავლას. მაგრამ ნამუშევრის პრეზენტაციისა და რეფლექსიის გარეშე ნაკლები ეფექტი აქვს, რადგან მოსწავლეები ვერ გააანალიზებენ რა უნდა გააუმჯობესონ სამომავლოდ, ან რა უნდა გაიმეორონ. წყვილებში მუშაობა მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს და სახალისოა. სასურველია წყვილები იყოს ჰეტეროგენული (სქესის, უნარებისა და წინარეცოდნის მიხედვით) ასევე სასურველია ორივე პარტნიორის ნამუშევრის პრეზენტაცია, რათა მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ. მუშაობის პროცესში უნდა აღმოაჩინონ პრობლემები და აღმოფხვრან. სასურველია არსებობდეს სივრცე, სადაც წყვილები მყუდროდ იმუშავებენ. ხშირად პარტნიორები ერთმანეთს კარნახობენ იმის ნაცვლად, რომ პრობლემის გადაწყვეტაში მოეხმარონ. ამიტომ უნდა არსებობდეს წესი: საუბრობენ ერთმანეთთან და ორივეს შეუძლია ახსნას რა გააკეთა. ერთმანეთს ეხმარებიან და ამავდროულად ცდილობენ თავიანთი უნიკალური უნარები შეინარჩუნონ. ამის მაგალითს მათ მასწავლებელი აძლევს. ზოგჯერ წყვილები ერთმანეთის ხმის დასაფარად ხმას უწევენ და კაფის ეფექტი იქმნება. ეს წყვილებში მუშაობას რეალურ ცხოვრებასთან აახლოებს- მაგალითად ბანკში გადასახადების გადახდა. ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში ხარჯი ნახევრდება - ექსპერიმენტებისათვის საჭირო ტექნიკა, მიკროსკოპები, კომპიუტერები ნაკლები რაოდენობით დაგჭირდებათ, რადგან ორი მოსწავლე ერთი ინსტრუმენტით ისარგებლებს - ერთი იქნება დამკვირვებელი, მეორე აქტიური, შემდეგ კი შეცვლიან როლებს. მუშაობისას მოსწავლეები გახსნილები არიან. ხშირად უწევთ საკუთარია აზრის გამოთქმა, აქებენ ერთმანეთს და კომპრომისის პოვნაც უფრო ადვილია, რადგან არსებობს მხოლოდ ორი განსხვავებული აზრი და უნდა იპოვონ გამოსავალი. ორივემ უნდა იმუშაოს, რათა სამუშაო წარმატებულად დაასრულონ. პარტნიორები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული.

    თუ წყვილებში მუშაობამ უარყოფითი გამოცდილება მისცა მოსწავლეებს, ეს კლასსა და მასწავლებელს გამოწვევების წინაშე აყენებს - უნდა გამოიმუშაონ სოციალური უნარები, რაშიც ისევ წყვილებში მუშაობა და ახალ-ახალი სტრატეგიების დაგეგმვა დაეხმარებათ.

    მოდით წყვილებში მუშაობის პროცესი ჯგუფურ მუშაობას შევადაროთ და ასე შევაჯამოთ ჩვენი თემა.

    ორივე შემთხვევაში მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ თანამშრომლობის წესები, უნდა იმუშაონ საერთო მიზნის მისაღწევად და დაეხმარონ ერთმანეთს. ნათლად უნდა ესმოდეთ როგორც კონკრეტული დავალების მიზანი, ასევე ერთობლივი მუშაობის მიზანი- სოციალური უნარების შეძენა და განვითარება. როგორც ჯგუფური მუშაობისას, აქაც უმჯობესია ჰეტეროგენული წყვილი, მხოლოდ უკიდურესი სხვაობის გარეშე. წყვილებში მუშაობის სასარგებლოდ კი შეიძლება ითქვას, რომ იგი შედარებით ადვილი დასაგეგმი და განსახორციელებელია. პარტნიორთან ერთად და ჯგუფში მუშაობის უნარები სასიცოცხლოდ აუცილებელია 21-ე საუკუნის წარმატებული ადამიანის ჩამოსაყალიბებლად.
    ალბათ თქვენს პრაქტიკაში პერიოდულად გეგმავთ წყვილებში მუშაობას. ჩვენთვის და ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოა თქვენი გამოცდილების გაზიარება. შეგიძლიათ მოგვწეროთ, რა სიძნელეებს ხვდებით, ან რა გამოგდით წარმატებულად :)









    Thursday, May 11, 2017

    ელენე ბეთლემიშვილი

    ბიბლიოთეკა სასკოლო ცხოვრებაში


    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მისი ოცნება სკოლებში ვაშლების თასის შემოღებაა.

    ალბათ თქვენც გაქვთ თქვენი ოცნება.. ეს შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო სივრცე, სადაც მშვიდად გინდათ რომ დარჩეთ გაკვეთილების შემდეგ და მეორე დღის გაკვეთილებს გადახედოთ, გინდათ მოწესრიგებული კაფეტერია - გაკვეთილსა და გაკვეთილს შორის გამოთავისუფლებულ დროში კოლეგასთან ერთად, საგაკვეთილო გამოცდილებაზე რომ ისაუბროთ, ფინჯანი ყავით. გინდათ ჭკვიანი დაფა, ხელის ერთი მოძრაობით თქვენს ნება-სურვილს რომ შეასრულებს და ალბათ კიდევ ათასი რამ...

    და კიდევ, ალბათ ბიბლიოთეკა გინდათ - თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც.
    თუმცა ბიბლიოთეკა ყველა სკოლაშია. რა ხდება ბიბლიოთეკაში? ძირითადად იქ მომუშავე პერსონალი დაღლილები არიან სასწავლო წლის დასაწყისიდან სახელმძღვანელოების გაცემით, თვლით, ვარგისიანობის შეფასებით.. ეს ყველაზე რუტინული და ამოუწურავი საქმიანობაა. არადა ბიბლიოთეკას ბევრად უკეთესი საქმეები შეუძლია  აკეთოს.

    დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი სასკოლო ბიბლიოთეკის საქმიანობა და მისი კავშირი სასწავლო პროცესებთან. ბიბლიოთეკა ეს არის უზენაესი ადგილი სკოლაში. ყველაზე მოვლილი და ყველაზე სასურველი. 

    ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარი აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. მათ მასწავლებლებისგან აქვთ კალენდარი, სადაც მონიშნულია, თუ რომელ კლასში რომელი პროექტი ხორციელდება, რომელ საგნებში და რა თემებია განსახილველი.

    შესაბამისად ამზადებს როგორც ლიტერატურას ასევე ელექტრონულ მასალას. ბიბლიოთეკარი ამზადებს იმ კონკრეტულ წიგნებს, რომლებიც შესაძლოა ამ პროექტზე მუშაობისას იყოს საინტერესო, ალაგებს ურიკაზე და ანიჭებს სპეციალურ კოდს. ამ წიგნებით სარგებლობენ პროექტზე მომუშავე მოსწავლეები. მათ შეუძლიათ წიგნებზე იმუშაონ ბიბლიოთეკაში, წაიკითხონ საკლასო ოთახში ან წაიღონ სახლში.

    ბიბლიოთეკარი აგრეთვე ზრუნავს ელექტრონულ მასალაზე: ეძებს, ფილტრავს სანდოობის მიხედვით და შემდეგ მოსწავლეებს ერთი ბმულის ქვეშ განუთავსებს შიდა სასკოლო ქსელში. სკოლას აგრეთვე გააჩნიათ საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა, საიდანაც იყენებენ სხვადასხვა რესურსებს და წყაროებს.


    მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსწავლეს არ უწევს მცდარ ინფორმაციებზე დროის ხარჯვა, მას უწევს მხოლოდ ამ მასალის დამუშავება. კომფორტულია აგრეთვე შიდა ქსელის გამოყენებაც, რაც მოსწავლის უსაფრთხოებისთვისაა - ინტერნეტში ძიებისას შესაძლოა მოსწავლე გადაეყაროს არასასურველ და მისი ასაკისთვის შეუფერებელ ინფორმაციას.

    აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკარი არ სთავაზობს ერთ ან ორ წყაროს, ის სთავაზობს გაცილებით მეტს, რაც მოსწავლეს კიდევ ერთხელ უბიძგებს ანალიზისა და შეფასებისკენ.


    ბიბლიოთეკის შესასვლელ ჰოლში დაგვხვდა ერთ-ერთ პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომლებიც იმ მიზეზით რომ ბიბლიოთეკაში საუბარი არ შეიძლება, გარეთ ყოფნა არჩიეს და იატაკზე მოკალათებულები განიხილავდნენ პროექტის მასალებს.





    ბიბლიოთეკაში საქმიანობდა ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც 1970-იან წლებში გამოსული გაზეთები მოეძებნა და უნდოდა მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა. მათი ჯგუფი მუშაობდა ნასას აღმოჩენებზე და იმ პერიოდის საგაზეთო სტატიებს განიხილავდნენ.




    არანაკლებ გულისამაჩუყებელი იყო დაწყებითი კლასების ფლიგელში განთავსებული ბიბლიოთეკა. ეს არ არის მხოლოდ წიგნების საცავი. აქვეა საგამოფენო სივრცე, კუთხე ვიდეოების სანახავად და რაც მთავარია კომპიუტერები ინდივიდუალური მოხმარებისთვის. წიგნის თაროების ბოლოში, ისეთი კუთხეცაა  პერსონაჟებთან ერთად განმარტოება რომ შეგიძლია.


    მოკლედ, ყველა დეტალი გაგრძნობინებს, რომ აქ ფიქრობენ ბავშვზე და მის საჭიროებაზე. რა უნდა, რა სჭირდება, რა გაუადვილებს მუშაობას, რა შეაყვარებს წიგნებთან ურთიერთობას, რა შეუწყობს ხელს მის განვითარებას.





    ოსწავლეთა ხელითაა დამზადებული იმ წიგნების დიორამები, რომლებიც წაიკითხეს. ხვდები რომ უფიქრიათ. უფიქრიათ გარემოზე, სადაც ხდება მოქმედება, უფიქრით პერსონაჟებზე, მათ განწყობაზე. უფიქრიათ ამბის განვითარებაზე.  წიგნის კითხვა გადაქცეულია უწყვეტ პროცესად - წაიკითხეს, ისაუბრეს, დახატეს, შექმნეს, გააზიარეს...  ამხელა სიამოვნების მიღების შემდეგ შეუძლებელია კითხვა არ მოუნდეს, არ მოუნდეს მოგზაურობა იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც წიგნები სთავაზობენ.


    ხოდა, კიდევ ერთხელ (და მრავალგზის)  დავფიქრდი - მე, მე რას ვთავაზობ ჩემს მოსწავლეებს?


    ბიბლიოთეკები არ უნდა დარჩნენ ტრადიციული ფორმების ტყვეობაში. უნდა გააქტიურდეს ახალი მიმართულებები და ბიბლიოთეკა უნდა  იქცეს ყველაზე სასურველ ადგილად სკოლის მოსწავლეებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად სწავლა-სწავლების პრცესებში.  ტექნლოგიური ცივილიზაციის პირობებში ის უნდა გადაიქცეს მრავალფუნქციურ გარემოდ. უნდა შეგვეძლოს მოსწავლეებს (და არა მარტო მათ), შევთავაზოთ როგორც დაბეჭდილი წიგნები, ასევე ელექტრონული წიგნები, ელექტრონული მასალები. უნდა ჰქონდეს მოსწავლეს არჩევანის საშუალება და მასწავლებელს ეგულებოდეს რეალური რესურსი მისი სკოლის ბიბლიოთეკაში - როგორც წიგნების სახით, ასევე ელექტრონული სახით და რაც მთავარია, უნდა იცოდეს, რომ ბიბლითეკის პერსონალი ის ძალაა, ვინც მოსწავლეებს რეალურად მისცემს საშუალებას კითხვით, სწავლით მიიღონ სიამოვნება და შეძლონ განვითარება.

    ფოტოები გამოყენებულია DGsalt-ის არქივიდან (მერილენდის გოგონათა სკოლა აშშ)


    Sunday, May 7, 2017

    დიმიტრი პოპოვი

    მათემატიკის სწავლება ვებ-აპლიკაციების გამოყენებით, ნაწილი 2

    ჩემს წინა სტატიაშიათემატიკის სწავლება ვებ-აპლიკაციების გამოყენებით,   ვისაუბრე, თუ როგორ არის შესაძლებელი Google Chrome Apps-ის გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით. ამ ვიდეო დღიურში კი მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი აპლიკაცია Number Pieces, რომლის გამოყენებასაც თქვენ შეძლებთ მათემატიკის სწავლებისას, როგორც სკოლაში მოსწავლეებთან, ასევე  სახლში თქვენს შვილებთანაც:


    ბმული Youtube

    Monday, April 3, 2017

    მარეხი ჯელაძე

    განათლების სისტემის ტრანსფორმაციის კონტურები








    2012 წელს პროფესორ ბილ სემსის მიერ შექმნილმა ვიდეომ - Epic 2020 - დიდი რეზონანსი გამოიწვია აკადემიურ წრეებში. ვიდეოში ის აღწერდა ტექნოლოგიების განვითარებით გამოწვეულ ცვლილებებს განათლების სისტემაში. მისი აზრით კოლეჯების და უნივერსიტეტების უმრავლესობა შეწყვეტენ არსებობას იმ ფორმით, რაც დღესაა; აკადემიური განათლება ცოდნის მიღების ძირითადი საშუალება აღარ იქნება; ვერც აკადემიური ხარისხი განსაზღვრავს ინდივიდების მიღწევებს ან გამოცდილებას; მთლიანად შეიცვლება სწავლისთვის საფასურის გადახდის სისტემა.

    სანამ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებს შევეხებოდეთ, საინტერესოა განვიხილოთ როგორ მივედით სწავლების იმ ფორმამდე, რომელსაც ახლა ვიყენებთ სკოლებში. განათლება ყოველთვის კონკრეტული ეპოქის ზუსტ მოდელს იმეორებდა. ასე მაგალითად, შევქმენით სკოლები, სადაც სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტი კარგი ხელწერის გამომუშავება იყო, ვინაიდან ინფორმაცია ხელნაწერი იყო; ასევე, კარგი კითხვა და ზეპირი ანგარიში, ვინაიდან ერთი ადგილიდან მეორეზე ინფორმაციის ძირითადი გადამტანები ადამიანები იყვნენ.

    მოგვიანებით, განათლების სისტემამ ინდუსტრიული ეპოქის მოდელი ასახა. ისევე როგორც ზარი ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავეებს ერთი ცვლის მეორეთი ჩანაცვლებას აუწყებდა, სკოლაში ზარი ცვლიდა ერთ გაკვეთილს მეორეთი. ბავშვები ერთსა და იმავე მასალას სწავლობდნენ ერთსა და იმავე ტემპში, ერთი და იმავე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ზუსტად ისევე როგორც ფაბრიკა-ქარხნებში მუშები ასრულებდნენ ერთსა და იმავე სამუშაოს განსაზღვრული ტემპით.

    შეიცვალა მსოფლიო და აუცილებელი ხდება შეიცვალოს სწავლების სტილი. ტექნოლოგიების განვითარებამ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადა კარგი ხელწერა და ზეპირი ანგარიში. თუ ადრე განათლებული იყო ის, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ინფორმაციაზე (ბიბლიოთეკებში, ქალაქებში), დღეს ინფორმაციაზე წვდომა ძალიან მარტივია, თავად ინფორმაცია კი განუზომლად დიდი. ამჟამად, მნიშვნელოვან უნარებს ინფორმაციის გაანალიზება, კრიტიკულად შეფასება, დახარისხება, ახალი ცოდნის შექმნა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენება წარმოადგენს.სულ უფრო ძნელი ხდება განვსაზღვროთ, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ 10, 20 ან თუნდაც 30 წლის შემდეგ. რა ტიპის პრობლემების გადაჭრა მოუწევთ, როგორი სამუშაო გარემო ან შინაარსი ექნებათ შესასრულებელი იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ახლა ვასწავლით სკოლაში? შეკითხვა თუ რამდენად ამზადებს დღეს სკოლა მოსწავლეებს მომავლისთვის, სრულიად ბუნებრივი და დროულია. 2013 წლის “TED Talk”-ის პრიზის მფლობელი და განათლების მკვლევარი - შუგატა მიტრა - განათლების სისტემის მთავარ მიზნად ისეთი მოდელის შექმნას მიიჩნევს, რომელიც თითოეულ ბავშვს ცნობიმოყვარეობის განვითარებაში და შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება. „ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება შევხედოთ სწავლებას, როგორც თვითორგანიზების პროდუქტს. თუ ამ პროცესს თვითორგანიზების საშუალებას მისცემ, სწავლება თავისით ხდება… იყო დრო როდესაც ქვის ხანის ხალხი ცას ახედავდა და იკითხავდა "რა არის ის მოციმციმე შუქი?" სწორედ მათ შექმნეს პირველი საოცარი შეკითხვების კურიკულიმი, თუმცა ეს საოცარი შეკითხვები ნელ–ნელა დაიკარგა სწავლებაში. დროთა განმავლობაში ჩვენ ეს კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ. მაგრამ ეს აღარაა საკმარისად მიმზიდველი. დღეს 9 წლის ბავშვს ეს ამგვარად უნდა აუხსნა "მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას, როგორ გაიგებ დაეჯახება თუ არა?" და თუ გკითხავს "კი მაგრამ, როგორ?" შენ ეტყვი "არსებობს მაგიური სიტყვა, კუთხის ტანგესი ჰქვია. და შემდეგ დატოვებ მარტოს. ის კი თვითონ გაარკვევს. მთავარი მოსწავლეების მოტივირებაა და პროცესი თავისით მიდის.”


    ცვლილებები განათლების სისტემაში უკვე დაწყებულია. ამ მხრივ საინტერესო მოვლენა 2009 წელს მოხდა, როდესაც სალმან ხანმა - პროფესიით ანალიტიკოსმა - “ხანის აკადემია” დაარსა. ამ ფაქტს წინ საინტერესო მოვლენები უსწრებდა. სალმან ხანმა ვიდეო-გაკვეთილების ჩაწერა და იუთუბზე ატვირთვა დაიწყო მათემატიკაში ბიძაშვილების დასახმარებლად. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი მსოფლიოდან. თავად ავტორი ამას ასე ხსნის “YouTube-ზე მათ შეუძლიათ გააჩერონ და თავიდან მიყურონ იმის განცდის გარეშე, რომ ჩემს დროს ფლანგავენ. თუ რაიმეს გადამეორება სჭირდებათ, რაც რამდენიმე კვირის ან წლის წინ ისწავლეს, არ სჭირდებათ მთხოვონ და თავი უხერხულად იგრძნონ. შუძლიათ უბრალოდ უყურონ ამ ვიდეოებს. შეუძლიათ წინ გადაახვიონ და გაიმეორეონ რაც ვერ გაიგეს, უყურონ მათთვის მოსახერხებელ დროს, საკუთარი ტემპით.” ვიდეოების ნახვების რაოდენობა სულ იზრებოდა და იზრდებოდა. ხანისთვის ნათელი გახდა, რომ ეს რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ "მარტივად გამოყენებისთვის" შექმნილი ვიდეოები. მოგვიანებით, მან წერილები მიიღო მასწვლებლებისგან, რომლებიც წერდნენ კლასში ვიდეოების წარმატებით გამოყენების შესახებ: "ჩვენ გამოვიყენეთ თქვენი ვიდეოები კლასში მეცადინეობისას. თქვენს ლექციებს საშინაო დავალებად ვაძლევთ, და რასაც ადრე ვაძლევდით საშინაო დავალებად ახლა კლასში ვაკეთბინებთ მოსწავლეებს."

    ხანის მარტივმა ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით აწყობილმა ვიდეოებმა განათლების ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი. მან მალე სამსახური დატოვა და არაკომერციული ორგანიზაცია “ხანის აკადემია” დაარსა. მაინც რატომ გახდა მნიშვნელოვანი და რითია განსხვავებული “ხანის აკადემიის” მიერ შემქნილი საგანმანათლებლო რესურსი? ის ათასობით ვიდეოს ამზადებს და უფასოდ გვთავაზობს, თუმცა ამ რესურსის რეალური ძალა თანმხლებ სავარჯიშოებში და შეფასების სისტემაშია. ხანის აკადემია თამაშის პრინციპით “ენერგიის ქულებით” აჯილდოვებს მოსწავლეს წარმატებისთვის. აუცილებელი პირობაა ერთ კონტენტს დაეუფლო, იმისათვის რომ შემდეგზე გადახვიდე. ტესტები ეგრეთ წოდებული “სკაფოლდინგის” სისტემით სთავაზობს მოსწავლეს დახმარებას სწორ პასუხამდე მისასვლელად, წამებში იძლევა შედეგებს და უკუკავშირს. პროგრამაში ჩაშენებული სისტემა სწავლის შედეგებს ზუსტად ზომავს. მასწავლებელს საშუალება აქვს თითოეული მოსწავლის პროგრესს დააკვირდეს: რა დრო დაუთმო კონკრეტული დავალების შესრულებას, სად ქონდა შეფერხება ან რა ვერ დაძლია და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს.ეს ფუნდამენტურად განსხვავდება იმასგან, თუ რა ხდება დღეს კლასებში. ტრადიციულ კლასში მოსწავლეები ისმენენ ლექციას, ასრულებენ დავალებას და საბოლოოდ გამოცდას აბარებენ შედეგების საჩვენებლად. კლასი შემდეგ თემაზე გადადის, მიუხედავად იმასა თუ რას მიიღებს ინდივიდუალური მოსწავლე. მან შეიძლება მიღო 8-ქულა, მაგრამ არ იცოდეს რა დააკლდა იმისათვის რომ 10-იანი მიეღო. შესაძლოა ვერ გაიგოს, როგორ აიყვანოს რიცხვი ხარისხში, მასწავლებელი კი გადადის შემდეგი ცნების შესწავლაზე. ხანი ამას ასე ხსნის: “წარმოიდგინეთ რომ სწავლობთ ველოსიპედის ტარებას. დასაწყისში აგიხსნეს თეორია და ორი კვირით მოგცეს ველოსიპედი. ორი კვირის შემდეგ გამოწმებენ რა ისწავლეთ და გეუბნებიან: პრობლემები გაქვთ მარცხვნივ მოხვევის დროს, ვერ ამუხრუჭებთ, თქვენ ხართ ველოსიპედისტი 80 %-ით. გიწერენ "სამიანს" და გეუბნებიან: აგერ ერთბორბლიანი ველოსიპედი, ახლა ამაზე ტარება უნდა ისწავლოთ.” სწავლების ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, ხანის აკადემია მიესალმება ექსპერიმენტებს და შეცდომებს, მაგრამ სანაცვლოდ მიზნად ისახავს მოსწავლის დაოსტატებას ყველა საფეხურზე, რასაც სთავაზობს.სწავლების ეს მიდგომა გარემოს ცვლის იმ ზრდასრულებისთვის, ვისაც თავის დროზე შესაძლებლობა არ ჰქონდათ ესწავლა, ასევე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, რომლებიც იძულებული არიან დღის განმავლობაში თავის ოჯახს დაეხმარონ და ვერ დადიან სკოლაში. ეს მოდელი იძლევა თანატოლთა განათლების შესაძლებლობასაც. თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან შეუძლიათ ერთმანეთს ასწავლონ. ესე იგი გლობალური საკლასო ოთახი იქმნება მთელი მსოფლიოსთვის. ესაა ხანის აკადემიის მთავარი იდეაც. ის გვაიძულებს გადავხედოთ საკლასო ოთახებს, უნივერსიტეტებს, მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების როლს, ადმინისტრაციული მოწყობას იმ ფიზიკური ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს.


    რა ცვლილებები მოხდება განათლებაში? სალმან ხანი ასე ხედავს მომავალს:

    1. საკლასო ოთახი შეიცვლება. განათლება გახდება უფრო აქტიური, აღმოჩენებზე დაფუძნებული და შემოქმედებითი პროცესი.

    ახლა მასწავლებელი ან ლექტორი კლასის წინ დგას და ლექციას კითხულობს, მოსწავლეები ან სტუდენტები პასიურად სხედან და ჩანიშვნებს აკეთებენ, სემესტრის ბოლოს კი გამოცდას აბარებენ. მთელი რესურსები იხარჯება იმაზე, რომ მოსწავლეებმა პასიურად მიიღონ ცოდნა. მომავლის კლასში დროის უმეტესი ნაწილი მოსწავლის მიერ აღმოჩენის გაკეთებაზე, პროდუქტის შექმნაზე დაიხარჯება. დაახლოებით 200 წლის წინ და უფრო ახლო წარსულშიც მოსახლეობის უმრავლესობა ფიზიკური შრომით იყო დაკავებული. შედარებით მცირე ნაწილი გონებრივ სამუშაოს ასრულებდა, მაგ. გადასახადების აკრეფა. ძალიან მცირე რაოდენობა ქმნიდა რაიმე ახალს, ინოვაციურს. არადა, სწორედ ეს არის რაც ცხოვრებას ავითარებს და წინ მიყავს. ტექნოლოგიების საშუალებით ფიზიკურად შესასრულებელი სამუშაო ავტომატიზებულ რეჟიმში გადავიდა. შესაბამისად, ნაკლები რესურსი იხარჯება ფიზიკურ მუშაობაზე. ამ პროცესებმა ადამიანური რესურსი გამოათავისუფლა, რომ უფრო გონებრივ ან ინოვაციურ-შემოქმედებით სამუშაოში ჩაერთონ ისინი. 2060 წლისთვის პროცესები მთლიანად ავტომატიზებულ რეჟიმში გადავა. საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი შეასრულებს ფიზიკურ სამუშაოს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. გონებრივი სამუშაოთი დაკავებული ადამიანებიც კი შემცირდებიან, (მაგ: გადასახადების შესახებ ინფორმაციის შევსება). ძალიან დიდი რესურსი და დრო გამოთავისუფლდება, რომ ადამიანები ინოვაციური, შემოქმედებითი საქმიანობით, რაიმე ახლის შექმნით დაკავდნენ. და თუ ქვეყანა აქეთ მიემართება, რაც შეიძლება მეტი ამ უნარების მქონე ადამიანი უნდა გავზარდოთ.


    2. განათლების დასაუფლებად ფიქსირებული დრო გაუქმდება. დღეს განათლების სისტემა ერთ მოთხოვნას უყენებს ყველას: გაიაროს სავალდებულო განათლების 12 წელი სკოლაში, შემდეგ 4 ან მეტი წელი დაუთმოს უნივერსიტეტში სწავლას. ვიღაც ამ მკაცრად დადგენილ დროის მონაკვეთზე მიდის 10 ქულებით, ვიღაც 8-ებით, სხვები 5-ებით. ყველა იყენებს ზუსტად ერთსა და იმავე დროს, თუმცა განსხვავებული მიღწევებით.

    თუ განათლებას მოსწავლის საჭიროებას მოვარგებთ, მეტად პერსონალიზებულს გავხდით, სისტემა მიღწევებზე ორიენტირებული გახდება. მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინებს დაეუფლებიან, მაგ. მათემატიკა, მუსიკა, ან კვანტური ფიზიკა. თავად გადაწყვეტენ როგორ დაეუფლონ ამ უნარებს და რა დრო დაუთმონ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცოდნის დასამოწმებლად ფორმალურ ინსტიტუტში გაიარონ პრაქტიკა თუ კერძო პირთან. ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე იქნება ვიდრე ის შეფასებები, რომლებსაც დღეს აძლევენ სასწავლო ინსტიტუციები. ერთი სიტყვით ინდივიდი შეძლებს ისწავლოს რაც უნდა, როცა უნდა და სადაც უნდა, თუნდაც უკან დაუბრუნდეს სასწავლო თემებს 40 ან 50 წლის ასაკში.

    მნიშვნელოვანი გახდება იმის დასაბუთება, თუ რისი გაკეთება შეგიძლია შეძენილი ცოდნით. ატესტატის ნიშნების მაგივრად მიღწევები პორტფოლიოში აისახება, სადაც მოსწავლის მიერ გაკეთებული პროექტები შევა. მაგ. რობოტი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული ამოცანის შესრულება, ან პროგრამული უზრუნველყოფა. დამქირავებელი დაინტერესდება არა ნიშნით, ან სასწავლო დაწესებულებაში გატარებული დროის ხანგრძლივობით, არამედ თუ რისი გაკეთება შეგიძლია ამ ცოდნით.

    3. მასწავლებლის როლი დრამატულად შეიცვლება. ის უფრო მეტად მენტორი ან ფასილიტატორი იქნება, ვიდრე ლექტორი. პროცესი არ წარიმართება ერთმანეთისგან იზოლირებულ საკლასო ოთახში. დღეს გვაქვს 25 მოსწავლით დაკომპლექტებული კლასი, სადაც ერთი მასწავლებელი დგას კლასის წინ და გაკვეთილს ხსნის. თუკი მომავალში ყველა მოსწავლე თავისი საკუთარი ტემპით ისწავლის, და მასწავლებელი დროის უმეტეს ნაწილს მათთან ინტერაქციაში გაატარებს, რაღაში დაგვჭირდებდა კედლები კლასებს შორის? რატომ არ მოვათავსოთ მაგალითად 75 მოსწავლე და 3 მასწავლებელი ერთ ოთახში? მასწავლებლები ერთად იმუშავებენ. მოსწავლეებს სამივე მასწავლებლისგან შეეძლებათ სარგებელის მიღება, მათი ძლიერი მხარეების, გამოცდილების გათვალისწინებით. ინტერაქცია და თანამშრომლობა გაიზრდება თანატოლებსა და მასწავლებლებს, თავად მასწავლებლებს და თავად თანატოლებს შორის. მასწავლებლის სამუშაო უფრო პრესტიჟული გახდება.


    4. 99%- ით გაიზრდება გლობალური წიგნიერების დონე. მოსწავლეები გლობალურ საკლასო ოთახთან იქნებიან დაკავშირებული. სოციალურად დაბალი ფენის განვითარებადი ქვეყნის მოსწავლეს წვდომა ექნება ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსთან და შეძლებს შექმნას წარმატებული პორტფოლიო, განივითაროს პოტენციალი და კრეატიულ, ინოვატორ ადამინებს შორის მოხვდეს.2011 წლის ბოლოს სებასტიენ ფერნმა, სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორმა, ექსპერიმენტი ჩაატარა. მან უფასო 10 კვირიანი, ონლაინ კურსი შესთავაზა მსურველებს “შესავალი ხელოვნური ინტელექტის კურსში”. იგივე კურსს მანამდე სტენფორდის უნივერსიტეტში ატარებდა. კურსი წინასწარი ცოდნის დადასტურებას არ მოითხოვდა. 160 000 სტუდენტი დარეგისტრირდა. კურსის განმავლობაში სტუდენტები სვავდნენ კითხვებს კურსის ბლოგზე, სხვა სტუდენტები კი “ალაიქებდნენ” კითხვებს. საუკეთესო კითხვები რეიტინგით ზედა სტრიქონებზე ადიოდა. სტუდენტები პასუხობდნენ კითხვებს, თავადვე ანიჭებდნენ რეიტინგს 5 ვარსკვლავიანი სისტემით ყველაზე ამომწურავი პასუხისთვის, საუკეთესო პასუხები ზედა სტრიქონებზე იკავებდა ადგილს. ანუ, თანატოლები ერთმანეთს ასწავლიდნენ. 23 000 სტუდენტმა გაიარა კურსი ბოლომდე, საიდანაც 253-მა უმაღლესი შეფასება მიიღო. პროფესორმა ფერნმა ამ ერთი კურსით უფრო მეტ ადამიანს ასწავლა, ვიდრე მსოფლიოს ყველა კომპიუტერული მეცნიერების პროფესორმა ერთად. 23 000 კურსდამთავრებული სტუდენტი უფრო მეტი რაოდენობაა, ვიდრე ნებისმიერ ფაკულტეტს მოუმზადებია თავისი კარიერის განმავლობაში. სტენფორდის 200 სტუდენტიდან, რომელიც ფიზიკურად გადიოდა იმავე კურსს უნივერსიტეტში, 151 ონლაინ კურსზე გადაერთო. პროფესორმა ფერნმა ყველაზე რთული გამოცდა ჩაატარა ონლაინ კურსის ბოლოს, თუმცა ჩაბარების სტატისტიკა ყველაზე მაღალი იყო რაც კი ოდესმე ყოფილა.

    პროფესორმა ფერნმა სტენფორდის უნივერსიტეტი მიატოვა და 2012 წლის იანვარში უდესითი“ დაარსა, რომელიც ინჟინერიისა და მეცნიერების კურიკულუმს სთავაზობდა დაინტერესებულ პირებს. მარტში “უდესითიმ” 6 კომპიუტერული მეცნიერების კურსი შესთვაზა დაინტერესებულ პირებს, ყველა ონლაინ რეჟიმში და ყველა უფასო. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს კონტრაქტები გაუფორმა, როგორც დასაქმების სააგენტომ და მსოფლიოს საუკუთესო კომპანიებს შესთავაზა დასაქირავებლად. ამ გზით შექმნა მოდელი, თუ როგორ აღმოეჩინა და შეეთავაზებინა ტალანტები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებისთვის. მომსახურებისთვის სტუდენტები სიხარულით უხდიდნენ პირველი წლის ხელფასის 20%-ს. 50 დაქირავბეული სტუდენტი მილიონ დოლარს უდრიდა შემოსავლის სახით. საუკეთესო 5%-ში შემავალი სტუდენტების დაქირავებიდან შემოსულ თანხას მთლიანად შეუძლია დააფინანსოს დანარჩენი მსოფლიოს სტუდენტების უფასო სწავლება.

    სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა MIT-მ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო, სადაც უახლეს ინტერაქტიურ ტექნოლოგიას იყენებდა. ძალიან მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ სტუდენტებს MIT-ის სერტიფიკატებს აძლევდნენ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში. ასევე, TED-მა გამოაცხადა TEDed-ის შექმნა. TEDed იმეორებდა TED-ის ვიდეოფორმატს და მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლებს აწყვილებდა მსოფლიოს საუკეთესო მედიაპროდუქციის ჯგუფებთან. ამ ისტორიებიდან ჩანს, ხარისხიანი სწავლაზე ხელმისაწვდომობის და საფასურის გადახდის კონცეფცია როგორ იცვლება მთლიანად.
    შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში, UNESCO-ს თანახმად, უფრო მეტი ადამიანი დაამთავრებს უნივერსიტეტს, ვიდრე ისტორიის დასაწყისიდან დღემდე.

    ჩვენ თანამონაწილე ვართ განათლების სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციის!
    ტრანსფორმაცია - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით!
    ტრანსფორმაცია ჩვენი თვითგანვითარებისთვის!


    სტატიის ავტორი: მარეხი ჯელაძე



    სალმან ხანი ვირტუალური სკოლის - ხანის აკადემიის - შესახებ " გამოვიყენოთ ვიდეო გაკვეთილები განათლების სისტემის ტრანსფორმირებისთვის"

    შუგატა მიტრა ტექნოლოგიებისა და "ღრუბლებში" სწავლის (cloud computing) შესახებ "ავაშენოთ სკოლები ღრუბლებში"

    Wednesday, March 22, 2017

    DG SALT

    დისტანციური სწავლების დანერგვა სსსმ ბავშვებისათვის



    ონლაინ სწავლა ინფორმაციული საზოგადოების განვითარების კანონზომიერი მოვლენაა და რეალიზებულია ახალი ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების საშუალებით.

    დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა: მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19- საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა.  1840-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და  უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარებამ წინ წამოწია ,,ონლაინ სწავლა’’, როგორც დისტანციური სწავლების ახალი ფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ დისტანციური სწავლება განათლების მიღების კარგ პირობებს უქმნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს.  სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ითვლება. საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმისათვის ერთ-ერთ რეალურ გზად გვესახება სასწავლოაღმზრდელობით პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართო დანერგვა.

    დისტანციური სწავლის უპირატესობა ისაა, რომ მოსწავლე სწავლისთვის თავად ირჩევს ადგილსა და დროს, ხოლო კომუნიკაციისათვის იყენებს ელექტრონულ ფოსტას, ჩათს, სოციალურ ქსელს ან სხვა  საშუალებას.

    თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ონლაინ კურსზე, რომელიც მორგებულია სსსმ-ის საჭიროებებზე. დისტანციური სწავლების  მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნება მოსწაველეთა თავისებურებები - ყურადღების დეფიციტის დარღვევა,  ქცევის კონტროლის დარღვევა, მგრძნობელობის დაქვეითება. კურსში მონაწილეობა მოსწავლეებს ბიძგს მისცემს მაქსიმალირად გამოავლინონ თავიანთი ინტელექტუალური და ფიზიკური მონაცემები.  კურსში ყურადღება  მახვილედება შემდეგ საკითხებზე:
    • თემები წარმოდგენილია  სუბტიტრებიანი ვიდეოთი და  გაკვეთილის დაგეგმვის გიდით, ასევე ემატება დამატებითი აქტივობები  თემატიკის შესასწავლად
    • მოცემულია ინტერაქტიული სასწავლო მასალები, რომელიც საჭიროა ცოდნის გასაღრმავებლად
    ონლაინ ტესტებში გამოყენებულია მრავაფეროვანი ასარჩევი ტიპის საკითხები სწორი და არასწორი პასუხებით, ასევე, სრული ახსნადასაბუთებით.რადგან  ვიდეოები სუბტიტრებითაა, ეს არის კარგი საშუალება ყველა მოსწავლისათვის, რათა მათ ინდივიდუალურად გაიუმჯობესონ საკუთარი სამეტყველო და გამომხატველობითი უნარები.  სიტყვები ასოციაციურად დაკავშირებულია ნახატებთან. მოსმენის დროს კი უმჯობესდება სიტყვათა გამოთქმის უნარები. 

    რატომ არის ვიზუალური მასალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
    სსსმ სწავლას ვიზუალური მინიშნებები უადვილებს. ინფორმაციის მიწოდება ვიზუალური გზით ეხმარებამათ კომუნიკაციაში, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებასა და ინფორმაციის გადამუშავებაში. ასევე, დროთა განმავლობაში, ვიზუალიზაციის დახმარებით, ისინი თავს უფრო დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად გრძნობენ.

    როგორ გამოვიყენოთ ვიზუალური მინიშნებები?

    როგორი ვიზუალური მინიშნებების გამოყენებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, იქნება ეს ფოტო, ნახატი, სიმბოლო თუ წარწერა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეუსაბამოთ ბავშვის ასაკსა და განვითარების დონეს. ქვემოთ ჩამოთვლილია ვიზუალური მინიშნებების ისეთი მაგალითები, რომლებიც შესაძლოა ყველა ბავშვთან გამოგვადგეს.
     იხილეთ რესურსი მათემატიკაში:
                                        ქართულში:
    1. დღის განრიგი:

    2. კატა დიდია, თაგვი ……..?


    თაგვი იცინის, კატა ………?
    კატას სძინავს, თაგვი …….?



    დისტანციური სწავლების ელემენტების გამოყენება დიდი იმედების მომცემია როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვის. სასწავლო მასალის უმეტესი ნაწილის გადატანა დისტანციური სწავლების რეჟიმში, მასწავლებელს უტოვებს გამოთავისუფლებულ დროს იმისათვის, რომ ფართოდ გამოიყენოს დისკუსიები, საქმიანი თამაშები, გადაწყვიტოს სასწავლო პრობლემები და სხვა. ეს არის პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან.

    შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სასარგებლო ონლაინ რესურსებს


    http://cdi.org.ge/uploads/pages/alternative-report-on-the-implementation-of-crpd-education-cdi-geo-91.pdf
    ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები” - გაგოშიძე
    სწავლების ახალი მეთოდოლოგია-ონლაინ სწავლა - დარეჯან გელაძე (GESJ: Education Science and Psychology 2012 | No.1(20)   International Scientific Conference: "Education in the Era of Globalization - XXI Century Challenges''. Materials - ISSN 1512-1801)


    ავტორი: მაია ბაზღაძე
    © განსაკუთრებული მადლობა .