დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება სწავლებაში.
შესავალი:
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის სტრატეგიების გაცნობა.
თანამედროვე მიდგომები სწავლის ინდივიდუალიზებაზე/დიფერენცირებაზეა ორიენტირებული. თუმცა, მასწავლებლებისთვის ძალიან რთულია სწავლის ინდივიდუალიზება კლასში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა დიდია. ამიტომ, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტიპის დავალება მისცენ მოსწავლეებს გამოყოფილ დროში და იმედოვნებენ, რომ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მიუვა და გონებაში დაელექება. კვლევების მიხედვით, ამ მეთოდით მოსწავლეების მხოლოდ 20% ეუფლება კლასში ახსნილ ახალ მასალას და იძენს უნარს, გამოიყენოს მიღებული ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს.
სასწავლო პროცესში ინდივიდუალური მიდგომა დამკვიდრდა ასევე დიფერენცირებული სწავლების სახით.
მაშ რა არის დიფერენცირებული სწავლება?
Carol Tomlinson დიფერენცირებული მიდგომის ერთერთი ავტორი, ამ ტერმინს შემდეგნაირად ხსნის: „დიფერენცირება არის სწავლებისა და სწავლის ორგანიზებული და ამასთანავე მოქნილი ადაპტირება ბავშვების საჭიროებებთან, რაც პრაქტიკულად ხორციელდება და მაქსიმალური აკადემიური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა.“ (1999 წელი).
უცხო ენათა ლექსიკონში დიფერენციაცია განიხილება, როგორც გაყოფა, დანაწევრება, მთელის ნაწილებად დაყოფა, ფორმებად და საფეხურებად. ამასთან იქვე ზუსტდება, რომ დანაწევრება და გარჩევა ხდება განხილვის, რაიმე ობიექტის შესწავლის შემდეგ. სასწავლო პროცესის დიფერენციაცია გულისხმობს, პირველ რიგში, მოსწავლეთა დაყოფას ჯგუფებად გარკვეული კრიტერიუმებით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა დაყოფა შესაძლებელია იყოს:
- ცხადი, ანუ ყველა ჯგუფი მკაცრად განსაზღვრულია,
- და განუსაზღვრელი, როდესაც ჯგუფებს შორის მინდვრები წაშლილია, მკაფიო არ არის, შესაძლებელია მოსწავლის თავისუფლად გადანაცვლება ერთი ჯგუფიდან მეორეში.
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა – დიფერენცირების მნიშვნელოვანი ნიშანია, მაგრამ არა ერთადერთი. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სწავლების პროცესის წარმართვა ჯგუფებში. დიფერენცირების პირობებში აუცილებლად უნდა ხდებოდეს სწავლის პროცესის და სტრატეგიების ცვლა.
იმისათვის, რომ განვმარტოთ დიფერენცირება, საჭიროა გადავწყვიტოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – დაკვირვების შედეგი, რის მიხედვითაც მოხდება მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება.
მასწავლებლის მთავრ როლს გაკვეთილზე წარმოადგენს „მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემა“, ანუ სწავლება. ნაკლები ყურადღება ეთმობა მასწავლებლის მიერ საკუთარი მოსწავლეების „შესწავლას“. მოსწავლეებზე თანდათანობით დაკვირვება და შესწავლა ნაკლებად ხდება.
ახლა განვიხილოთ ინდივიდუალური მიდგომა დიფერენცირებული სწავლების ჩარჩოებში.
თუ ტრადიციულ სწავლებაში სწავლების მიზანს წარმოადგენს სასწავლო გეგმის განხორციელება, დიფერენცირებული სწავლების მიზანს წარმოადგენს თვითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების „აღმოჩენა და განვითარება“. შესაბამისად დიფერენცირებული სწავლების დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები შეფერხებას კი არ წარმოადგენს სწავლების პროცესში, არამედ პირიქით დასახული მიზნის მიღწევის აუცილებელ პირობას.
დიფერენცირებულ სწავლებაში ინდივიდუალური მიდგომა გამოიყენება თითოეული მოსწავლისათვის. ინდივიდუალური მიდგომების სწავლებაში გამოყენების მთავარი იდეაა – ყველა მოსწავლე კლასში ტოლფასია, მაგრამ თითოეული მოსწავლე უნიკალურია და განუმეორებელი.
მასწავლებელი ითვალისწინებს რა მოსწავლეთა ინდივიდუალურ მოთხოვნებს, თავის სამუშაოს აგებს ამ მოთხოვნებზე დაყრდნობით. ასე მაგალითად, სწავლების პროცესში თითოეულ მოსწავლეს მისი შესაძლებლობების და ინტერესების საფუძველზე აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება.
დიფერენცირებული სწავლების დროს მასწავლებლის როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საკითხის ახსნით, იგი ასევე „სწავლობს“ მოსწავლეებს. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე დაკვირვება ხდება უშუალოდ გაკვეთილზე, მოსწავლისათვის ბუნებრივ პირობებში: იგი შეისწავლის და აფიქსირებს ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების თავისებურებებს, გაკვეთილზე მუშაობის ფორმას, დავალებების შესრულების გზებსა და მეთოდებს, მოსწავლეების მიერ საკუთარი ცოდნის და ინტერესის გამოხატვას შესასწავლი თემის ირგვლივ და ა. შ. ყველა ამ მონაცემს მასწავლებელი იყენებს მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას, კლასში ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად, ასევე შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვისას მშობელთან.
ისმის კითხვა, მაინც რა კრიტერიუმებით არის შესაძლებელი მოსწავლეთა დაჯგუფება დიფერენცირების დროს?
კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩამოვაყალიბებ დიფერენცირების სახეებს:
-დიფერენცირება ცოდნის დონით – გულისხმობს დავალებების მიცემას, რომლებიც აღმოფხვრის ცოდნაში არსებულ ხარვეზებს. ამ დროს ეფექტურია დავალებების შეთავაზება მოსწავლეთათვის ვორდის რედაქტორში, კლასის მართვის ჯგუფური ჩეთის დახმარებით, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა;
-დიფერენცირება ნიჭის მიხედვით – გულისხმობს მოსწავლეთა დაჯგუფებას: ხატვის ნიჭის, შემეცნებითი, მუსიკალური, კომუნიკაბელური თვისებების მიხედვით, რომლებიც გამოიხატება დამატებითი სამუშაოების/დავალებების შესრულების დროს. მოსწავლის მიერ ტექნოლოგიების, როგორც დამატებით რესურსის გამოყენება ამ კუთხით , საშუალებას აძლევს მას საკუთარი ნიჭი სრულად გამოავლინოს სამომხმარებლო პროგრამების გამოყენებით: Paint, ArtRage, Soung Smith, Web Camera, Lab Cam;
-დიფერენცირება მოსწავლეთა ინტერესებისა და გატაცებების მიხედვით – რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში. დიფერენცირების ეს სახე გამოიხატება მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შედგენილი დავალებების შესრულებაში: სასწავლო პროექტებში მონაწილეობა, კვლევები, ღონისძიებებში მონაწილეობა და ა. შ. ასეთი დიფერენციაციის საფუძველს ასევე წარმოადგენს მოსწავლეთა შემეცნებითი უნარები სხვადასხვა საგნის მიმართ (საბუნებისმეტყველო , მათემატიკა, ჰუმანიტარული საგნები);
სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ვიდეო Ted.com – სალმან ხანის გამოსვლა:
URL: http://new.ted.com/talks/salman_khan_let_s_use_video_to_reinvent_education
- საქართველოს პარალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა:
URL: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16466
- მასაჩუსეჩის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა:
URL: http://www.iste.org/handlers/ProductAttachment.ashx?ProductID=3122&Type=Download
- კეროლ ან ტომსონის პირადი ელექტრონული ბიბლიოთეკის კრებული – ნაშრომები დიფერენცირებულ სწავლებაზე:
URL: http://www.ascd.org/publications/books/108028.aspx
5. Carol Tomlinson სტატის დიფერენცირებაზე: